ჯვრისწერისა და ხელმოწერის ძირითადი თემა თუ პატარძლის კაბა, ვარცხნილობა და თაიგულია, საქორწილო წვეულების მთავარი მოქმედი გმირი და უდიდესი ინტერესის საგანი ყველაზე გამოსაჩენ ადგილას გამოდგმული ტორტია. ალბათ საქორწილო სუფრის უმეფე-დედოფლოდ წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე საქორწილო ტორტის გარეშე, რაც სულაც არაა გასაკვირი, იმიტომ რომ ტორტს ოდითგანვე რიტუალური დატვირთვა ჰქონდა და მექორწინეთა რწმენით, ახალდაქორწინებული წყვილის მომავალი ბედი თუ უბედობა უნდა განესაზღვრა.
მეფე-დედოფლის ხელით ტორტის ერთად გაჭრის ისტორია სათავეს ხუთი ათასი წლის წინ იღებს და საფუძვლად პურის ერთად გატეხვის და ამ გზით დამეგობრების ტრადიცია უდევს. დიახ, დიახ, თანამედროვე საქორწილო ტორტის წინაპარი სწორედ უბრალო ხმიადი გახლდათ. კონკრეტულად კი, რომის იმპერიაში საქორწილო პურს ქერის ან ხორბლის ფქვილისგან აცხობდნენ, რომელსაც სიძე დედოფლის თავს ზემოთ ამტვრევდა და ნატეხებს სტუმრებს ურიგებდა - ამ გზით, სიმბოლურად, საკუთარ ბედნიერებას და იღბალს სხვებსაც უნაწილებდა. პატარძლის თავზე დაყრილ ნამცეცებს ისევ სიძე აგროვებდა და თანამეცხედრესთან ერთად მიირთმევდა. ამ ტრადიციის მთავარი იდეა ქმრისადმი ახალგაზრდა ცოლის მორჩილებაში მდგომარეობდა: ქორწილის დღესვე სტუმრების თვალწინ თავზე ლავაშს რომ გადაგატეხავენ და ხმას არ ამოიღებ, მერე აბა რა ვეღარ უნდა მოითმინო!